მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისია იქმნება. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ყველა იმ სავარაუდო გადაცდომას, რომელზეც უკვე არჩევნებთან დაკავშირებით სამი თვეა, ოპოზიცია თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს აქცენტს.
მომდევნო ორი კვირის ვადაში უნდა განისაზღვროს კომისიის წევრთა რაოდენობა. ასარჩევია ჯგუფის ხელმძღვანელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯგუფში თანაბრად იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური სუბიექტიც.
საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას გეგმავენ "ევროპელი სოციალისტები". დეპუტატ დავით ზილფიმიანის თქმით, ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.
"მე არ ვიცი, ვის რა მცდელობა ექნება ამ კომისიაში, მაგრამ ის, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ შეხედულებას დავაფიქსირებთ, ეს ნამდვილად ასე იქნება," - განაცხადა ზილფიმიანმა.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ წევრებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანის პოზიციას, მათი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.