18 მილიონ ლარიანი კრედიტის აღებას, რომელიც სჭირდება მერიას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ოპოზიცია მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვს კითხვები, თუ რატომ აპირებდა მერია ჯერ კიდევ მაისის ბოლოს სწორედ 18 მილიონი ლარის კრედიტის აღებას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან.
ოპოზიციისთვის ბუნდოვანია რა საკითხებს უნდა მოხმარებოდა მაშინ აღნიშნული თანხა.
"თბილისის მერიამ პასუხი უნდა გაგვცეს შეკითხვაზე, რაში აპირებდნენ ისინი ამ თანხის გამოყენებას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მხარს დაუჭერს აღნიშნული სესხის აღებას, თუმცა როგორც ფრაქციის წევრი ზაზა ვეკუა განმარტავს, სტიქიურ უბედურებამდე აღნიშნულ სესხზე მხარდაჭერას არ აპირებდნენ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხა არის ეკონომიებიდან მიღებული, რომელიც იდო ბიუჯეტში.
„ჩვენ დავასწარით ყველა სიტუაციას და ვცდილობთ, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მალე გამოვუყოთ დედაქალის მერიას, და ქალაქის განვითარების ფონდს, რომ ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდეს,“ - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.