პრემიერი პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შუამდგომლობით მიმართავს, - ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გასულ დღეებში არაერთი სამოქალაქო გმირობის მაგალითი ვიხილეთ და ამ ადამიანების სიის შედგენა მოხდება, რომელთაც პრემიერის შუამდგომლობით პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებს გადასცემს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის ოჯახს 100 ათასი ლარი გადაეცემა.
კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე გასული დღეების შედეგები შეაჯამეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 და დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი. 6 ადამიანი კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.
წინასწარი გათვლებით, ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალიდან განახლდება.