"ვინ აგებს პასუხს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, სახელმწიფო თუ ზოოპარკის დირექტორი?"- ეს კითხვა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილი ზოოპარკის დირექტორის დაკითხვის შესახებაც საუბრობს და აცახდებს, რომ ზურაბ გურიელიძის დაკითხვა კანონის ფარგლებში მოხდა და ის თბილისის პროკურატურაში მოწმის სახით იყო დაკითხული. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დაკითხვის ოქმში ჩაიწერა ინფორმაცია, რომელიც დღეს დილით ზოოპარკის ადმინისტრაციამ შს სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა.
"ოქმში ჩაიწერა, რომ დღეს დილით 11:00 საათზე ბატონ ზურაბს დაუკავშირდნენ შს სამინისტროდან და ჰკითხეს ინფორმაცია ცხოველებთან დაკავშირებით. მათ ზოოპარკის ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ დაკარგულად ითვლება რამდენიმე ცხოველი მათ შორის ვეფხვი. საინტერესო ახლა ის არის თუ სად წავიდა შს სამინისტროში ეს ინფორმაცია? ვინ დაამუშავა და დაამუშავა თუ არა საერთოდ ინფორმაცია. ვფიქრობ გამოძიება ამ კუთხით უნდა წავიდეს,"- აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზოოპარკის ხელმძღვანელის ზურაბ გურიელიძის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი იცავს.
"რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა დაღუპულთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა.