ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიცია ამჯერად იმ მიმართვის გამო აკრიტიკებს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა.
სამ წუთიან განცხადებაში მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას გაიხსნას დიალოგი და საუბარი დაიწყონ საკითხებზე, რომელიც ყველას აერთიანებს. დისკუსიის პლატფორმად პრემიერი ოპოზიციას კვლავ პარლამენტის ტრიბუნას სთავაზობს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, დიალოგსა და მოლაპარაკებაზე საუბარი ნაადრევი და უადგილოა.
"მხოლოდ და მხოლოდ ასეთ უტიფარ და უთავმოყვარეო ადამიანს შეიძლება გუშინდელის მერე რაც მან ჩაიდინა, ასეთი განცხადება გაეკეთებინა. ერთადერთი იმედი მაქვს, სწორედ საპროტესტო აქციების და საერთაშორისო წნეხის, რომელიც აიძულებს ან გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამინისტია არის ის წინაპირობა, რითაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება ამ წარსულის ქიმერებიდან გავიდეს და ფოკუსი მოხდეს მომავალზე,“ - აცხადებს გიგი უგულავა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ დიალოგს აქვს მაშინ აზრი, როდესაც ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები.
"ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოყალიბდეს თავისი მესიჯებში. პარლამენტში გამოსვლისას იძახდა, რომ მოლაპარაკებები დამთავრებულია. გუშინ გამოვიდა, რომ ისევ დიალოგი და ალტერნატივაო. მაგრამ დიალოგს და ალტერნატივას აქვს მაშინ აზრი, როდესაც ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური პატიმრები. მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ დიალოგის განახლებაზე,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან შეცვლილი რიტორიკა, შესაძლოა, განპირობებული იყოს დიპლომატების წნეხის გამო.
"მოლაპარაკება ყოველთვის შესაძლებელია, ამის შანსი ყოველთვის არსებობს, თუ სურვილი არსებობს. მჯერა განცხადებების იქით არც ერთი მხარე არ წასულა. არც ოპოზიცის მხარეს არ ჩანს რომ დათმობაზე ოპოზიცია მზად არის, არც "ქართული ოცნების" მხრიდან, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, გამოჩნდება მოლაპარაკებაზე,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.