თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. თბილისის მერიის ინიცირებული პროგრამის მიხედვით, ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 ათას ლარს შეადგენს.
რესტორნების ერთჯერადი სუბსიდირების პროექტი შეეხება თბილისში მოქმედ იმ ობიექტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან 2020 წლის 28 ნოემბრამდე და ამ დროისთვის არ აქვთ ლიკვიდირებული სტატუსი. გარდა ამისა, მთავარი კრიტერიუმები მოცულობა და შემოსავლების ოდენობაა. ფულად დახმარებას მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომლებსაც დეკემბრისა და იანვრის თვეებში 100 000 ლარზე მეტი ბრუნვა არ ჰქონიათ, ხოლო ადგილების რაოდენობით 80-ს არ აჭარბებენ.
დახმარებას ვერ მიიღებენ კვების ობიექტები, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრენჩაიზს, ასევე, ისინი რომლებიც განთავსებულია სასწავლო დაწესებულებებში, სასტუმროებში, საავადმყოფოებში, ავტოსამრეცხაოებში, სურსათის მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში. პროექტის მიღმა რჩებიან სწრაფი კვების ობიექტები და საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებიც.
სუბსიდირების პროექტში ჩართვას ბენეფიციარები სპეციალურ ვებგვერდზე განაცხადის ფორმის შევსების და შესაბამისი მონაცემების მითითების შემდეგ შეძლებენ. აღნიშნული ვებგვერდი უახლოეს დღეებში ამუშავდება.