უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები ზოოპარკში, სადაც ეს პროცესი არც გვიან ღამით შეჩერებულა. ზოოპარკის დირექტორი ადასტურებს, რომ კვლავ მიმდინარეობს სტიქიის დროს ზოოპარკიდან გასული ორი მტაცებელი ცხოველის - ვეფხვისა და აფთრის ძებნა.
„ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, კიდევ მრავალჯერ უნდა გადამოწმდეს, დანარჩენი მტაცებელი ცხოველები ჯერჯერობით აღრიცხულია,“ - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.
მისი თქმით, სამუშაო ზოოპარკში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ადგილზე სიტუაცია ძალიან რთულია. ყველა ცხოველს, რომელიც ზოოპარკში ბინადრობს, აქვთ სპეციალური ჩიპებით, რომელიც კანქვეშ მაგრდება, მათი აღმოჩენაც ამის საშუალებით ხდება. თუმცა ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჩიპები დაზიანებულია.