04 სექტემბერი 2026,   22:00
ვრცლად
აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მის გატაცებაში მონაწილეობდა

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას თავის გატაცებაში სდებს ბრალს.

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის. ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი Facebook- ის საკუთარ გვერდზე წერს.

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას გატაცების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი ქვეყანაში ჩამოსვლისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

სწორედ ამას უკავშირდება სარჩელიც. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მის გატაცებაში მონაწილეობდა.  მისივე განცხადებით, საქართველოში ვიზიტის თავიდან არიდებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უკვე გაგზავნეს.

აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოსვლასა და მისი გაუჩინარების საქმეზე პროკურატურაში ჩვენების მიცემას გეგმავდა, თუმცა საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლო.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ჩემი უფლება, რომ გატაცების საქმეზე ჩატარდეს სამართლიანი და სრულფასოვანი გამოძიება. 

საქართველოში ჩამოსვლის ხელშეშლა არ იყო იურიდიული გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც დასტურდება თალაკვაძის განცხადებით, რომლის თქმითაც, არსებობდა კითხვები, ოპოზიციას ხომ არ უნდა დავხმარებოდი.  ჩემი ჩამოსვლის შემთხვევაში, სამართალდამცველებს ვაჩვენებ ადგილს, საიდან გამიტაცეს და რა გზა გამატარეს. საქართველოს ხელისუფლებას ეს არ სურს, რადგან თავად იყო ჩემი გატაცების სპეცოპერაციაში ჩართული მხარე,"- აღნიშნა მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა საქმით არც კი დაინტერესებულა.

"ევროსასამართლოში უკვე დასრულებულია კომუნიკაცია მის ძირითად სარჩელზე. საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი გარემოება იქნება ის, რომ პროკურატურა არათუ დაინტერესდა ამ ამბით, არამედ მას იმის საშუალებაც კი არ მისცეს, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და პროკურატურასთან ჰქონოდა შეხება,"- აღნიშნა ადვოკატმა.

დღის ამბები