19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ბრალდებულები სრულ სიცრუეს ამბობენ - ვახო სანაია მასზე თავდასხმის საქმის მასალებს გაეცნო

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა და ადვოკატთან ერთად 5 საათის განმავლობაში ეცნობოდა იმ მასალებს, რომელიც მის საქმეში დევს. გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან განმარტეს, რომ გაეცნენ ჩვენებებს, მათ შორის, იმ 5 მაშველის, რომლებიც შემთხვევას წყნეთის ქუჩაზე შეესწრნენ.

ვახო სანაიას განცხადებით, მაშველები არ აკონკრეტებენ, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და თავდასხმის ფაქტს. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში უკვე დევს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ტაქსის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და რომელიც თითქმის იდენტურია იმ მონათხრობისა, რომელსაც ვახო სანაია და მისი თანმხლები პირები გამოძიებას უყვებიან.

"მნიშვნელოვანია ორი გარემოება - ერთი, რასაც ჩვენ ვყვებით, რაც რეალურად მოხდა იქ და მეორე, რასაც ყვება ორი ბრალდებული, ერთი დუმილის უფლებას იყენებს. სრულ სიცრუეს ამბობენ და ამას ადასტურებს ის ვიდეომასალა, რომელიც დევს საქმეში. ყვებიან, რომ არათუ ფიზიკური შეხება, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მოუყენებიათ. იქ იყვნენ მაშველები, რომლებიც თავს იკავებენ იმის თქმისგან, დაინახეს თუ არა ფიზიკური დაპირისპირება,"- აცხადებს ვახო სანაია.

სანაიას ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ბრალდებულების გამოკითხვისას კრიტიკული კითხვები არ არის დასმული. 

"საერთო ჯამში, გამოძიება გარკვეულწილად ცდილობს, რომ პირველადი ვერსია გადაიზარდოს გამამტყუნებელ განაჩენში, ეს აღქმა დარჩა, მაგრამ არის საკითხები, სადაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადასადგმელი, მაგალითად, ბრალდებულების გამოკითხვები, რა დროსაც მათ ნებაყოფლობით განაცხადეს გამოკითხვაზე თანხმობა, მაგრამ გამოკითხვაში არ ფიქსირდება კრიტიკული კითხვები,"-აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე 24 თებერვალს მოხდა, რა დროსაც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა. ფაქტს შეესწრო 5 მაშველი.

ვახო სანაიასა და მის ნათესავ ქალს, რომლებსაც სამი უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ჟურნალისტი შემთხვევას საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. 

საქმეზე სამი პირია დაკავებული, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები