ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ დისკუსია ქუჩიდან სულ მალე სამუშაო ფორმატში გადაინაცვლებს.
მინისტრის განცხადებით, პროექტის იმ მოწინააღმდეგეთა ნაწილს, რომელიც ზოგადად ჰესების აშენების წინააღმდეგია, ხელისუფლება დიალოგში ვერ შეყვება.
"ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთი არის დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს და ბევრი წუხილი, რაც არის, იყოს გათვალისწინებული და ამას ყოველთვის მივესალმებით;
მეორე ნაწილი არის, რომ პროექტი არ გვინდა იმიტომ, რომ საერთოდ ჰესები არ გვინდა. ამ მსჯელობაში რა თქმა უნდა ვერ შემოვყვებით, თუმცა მზად ვართ, რომ ავხსნათ რამდენად დამაზიანებელია ქართული ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება.
ასევე მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ქუჩიდან სულ მალე ეს საუბრები გადაინაცვლებს უფრო სრულყოფილად სამუშაო ფორმატებში," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება, რომლის სლოგანია "არა ნამახვანჰესს".