13 ივნისს დაზარალებულთა დასახმარებლად ხვალიდან ახალი ვებგვერდი ამოქმედდება. ამ გვერდზე ნებისმიერ შემომწირველს შეეძლება დახმარება კონკრეტულ დაზარალებულს აღმოუჩინოს. ამ დრომდე შეგროვებულ ფულს კი მერია სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ გაანაწილებს.
წყნეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები სამთავრობო ფონდიდან გამოყოფილი 10 მილიონიდან დაფინანსდა.
სახელმწიფო ხაზინაში შემოწირულობებისა და გადარიცხვების სახით უკვე მობილიზებულია 17 მილიონნახევარი ლარი, რომელიც მერიის ფონდში ჩაირიცხება. 3 მილიონი ევრო ევროკავშირმაც გამოყო. არ არის გამორიცხული სწორედ ამ თანხით მოხდეს მერიის მიერ ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთზე დაზარალებულთათავის კორპუსის მშენებლობა.
დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 90-ზე მეტი კომპანიის მიერ 5.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.
ფინანსური მხარდაჭერის გარდა ბიზნეს სექტორმა სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი შეისყიდა, რომლებიც მათ ახალ საცხოვრებლებში განთავსების შემდეგ უნდა დაურიგდეთ. სტიქიის შედეგად სულ 70-მდე ოჯახი დაზარდლა.
ავტორი: ნატა მახვილაძე