20 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს დღეს დაკრძალავენ

თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს, ზურაბ მუზაშვილს, დღეს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დაკრძალავენ.

ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი დაესწრებიან.

ზურაბ მუზაშვილი საკუთარი სახლიდან კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.   

ეკლესიის ეზოში განთავსებულია საპატიო ყარაული, რომელიც დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 

დაღუპულის დაკრძალვის ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება. გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად, თანასოფლელებთან და ახლობლებთან ერთად თბილისის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი სტიქიის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

შსს-ის ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევამდე მან სტიქიით დაზარალებული 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

ზურაბ მუზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) "სამოქალაქო თავდადებისთვის" მედლით დააჯილდოვა.

დღის ამბები