20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
გორთან დატოვებული დიდი ცხოველის ნაკვალევი ვეფხვის ნაკვალევი არ არის - ზურაბ გურიელიძე

გორის მახლობლად დიდი ცხოველის დატოვებული ნაკვალევი კატისებრთა ოჯახს არ ეკუთვნის, -  ეს განცხადება ზოოპარკის დირექტრმა, ზურაბ გურიელიძემ სოფელ რეხაში ნაკვალევის დათვალიერების შემდეგ გააკეთა. 

ამის შესახებ ინფორმაციას კურიერის ჟურნალისტი იტყობინება, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება. 

დღეს დილით ნაკვალევი გორთან ახლოს, სოფელ რეხაში ნახეს. ორმა ადამიანმა კი ცხოველიც დაინახა. ერთი ირწმუნება, რომ ცხოველი ვეფხვს ჰგავდა, მეორე კი ამბობს, რომ ის ლომი იყო.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და პოლიციის ბრიგადები. თუმცა,  როგორც კურიერის ჟურნალისტი იტყობინება, მათ ძებნის პროცესი ჯერ არ დაუწყიათ. ისინი თბილისიდან  საგანგებო ბრიგადების ჩასვლას ელოდებოდნენ.

ადგილზე იმყოფება ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძეც, რომელმაც  ჟურნალისტებს სთხოვა, რომ ნაკვალევი ახლოდან გადაეღოთ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ეს კატისებრთა ოჯახის ნაკვალევი არ არის და შესაძლოა, ის დიდი ზომის ძაღლს ეკუთვნოდეს. 

ამ დროისთვის უცნობია, გაგრძელდება თუ არა ძებნის ოპერაცია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები