ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ საგანგებო შტაბში ცოტა ხნის წინ თბილისის მერი მივიდა. დავით ნარმანია არსებულ ვითარებას გაეცნო.
დავით ნარმანიას განცხადებით, ზოოპარკის რეაბილიტაციისა და გაწმენდითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა. თბილისის მერის თქმით, სტიქიის ზონაში პირველ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამასთან, მერის განცხადებით, გაწმენდილ ტერიტორიებზე პროექტების მომზადებაა დაწყებული.
ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფება ზოოპარკის დირექტორიც.
"აქ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია, ლაპარაკი რომ იყოს მცირე შერემონტებაზე, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ყველაზე ძვირადღირებული, რაც გახლავთ ბეჰემოტის, მტაცებლის ვოლიერები თავიდან არის ასაშენებელი, სჯობს აშენდეს იქ, სადაც უკეთესი პირობებია. მით უმეტეს, როდესაც ტერიტორია არსებობს და საძებნელი არ გვაქვს,"-განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.