"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საგამოძიებო გადაცემის მიერ მომზადებული ფილმიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვიტა კანალიზაციის კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა, სადაც მოხალისეები გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდნენ. თუმცა მოხალისეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები, მდინარე „ვერეში“ საკანალიზაციო მილის ჩაშვებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სტიქიამ იმდენად დააზარალა საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა, რომ კომპანიას სხვა არჩევანი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ კანალიზაციის კოლექტორი ჩაეშვა მდინარე „ვერეში“, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო როგორც მერიასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
კომპანიაში ასევე ირწმუნებიან, რომ მდინარე „ვერეში“ საკანალიზაციო კოლექტორის ჩაშვება ვერ დააზარალებდა მოხალისეებს.
„მივიღეთ დროებითი გადაწყვეტილება არა მარტო ჩვენ, ამაში იყო ჩართული მთლიანად ინფრასტრუქტურა, ქალაქის ხელმძღვანელობა, ვინაიდან ტექნიკური საშუალება არ არსებობდა და დროებით ჩავუშვით მდინარე „ვერეში“.
ამ არეალში მოხალისეები არ არიან, ეს არის წყნეთი ქუჩის ბოლოში. ეს არის მდინარის ხეობაში, მაგრამ მოხალისეები იყვნენ ზოოპარკის ტერიტორიაზე, საკმაოდ მოცილებულ ადგილას,“ - განაცხადა კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის პირველი მოადგილემ ომარ გოცირიძემ.