20 აპრილი 2021,   04:31
ვრცლად
აქვს თუ არა "ფაიზერსა" და "მოდერნას" რეაქციის მომატებული რისკი ალერგიულ პაციენტებში - აშშ-ში კლინიკური კვლევა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა დაიწყო კლინიკური კვლევა, იმის დასადგენად - აქვს, თუ არა COVID-19-ის 2 ვაქცინას "ფაიზერსა" და "მოდერნას" რეაქციის მომატებული რისკი ძლიერი ალერგიის მქონე პაციენტებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. აშშ-ში იყო ცნობები, ალერგიის ისტორიის მქონე პაციენტებში "მოდერნას" და "ფაიზერის" ვაქცინების გაკეთებით გამოწვეულ რეაქციებზე. კვლევამ უნდა დაადგინოს წარმოადგენს, თუ არა ამ ორი ვაქცინის გაკეთება უფრო მეტ რისკს ზოგიერთი პაციენტისთვის.

კვლევას ენტონი ფაუჩის უწყება აფინანსებს. მასში 18-დან 69-წლამდე 3400 ადამიანი ჩაერთვება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობები ალერგიულ ადამიანებში რეაქციის შესახებ ძალიან ცოტაა, ინსტიტუტმა გადაწყვიტა რისკები მაინც გამოიკვლიოს. კვლევის შედეგები სავარაუდოდ ზაფხულში იქნება. ამერიკაში ეს ვაქცინები უკვე მილიონობით ადამიანმა გაიკეთა, აშშ-ში ვაქცინაციის აქტიური პროცესი მიმდინარეობს და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა 19 აპრილიდან აშშ-ში მცხოვრებ ყველა მოზარდს შეეძლება ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება. დღეს "მოდერნას" წარმომადგენელმა ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბთან ტელეკონფერენციის დროს თქვა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინის წარმოების საშუალება აქვთ, ასევე თუ აუცილებელი იქნება, შეეძლებათ გამოუშვათ დამატებითი გაძლიერებული ვაქცინა ვირუსის სხვადახვა ვარიანტისთის.

ნიუ-იორკის ქუჩებში დღეს COVID-19-ის ვაქცინის მობილური კლინიკა გამოჩნდა, როგორც ნიუ-იორკის მერმა თქვა, ეს მოძრავი კლინიკა დღეში 200 ადამიანის აცრას შეძლებს. ის მოქალაქეებს "ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინის გაკეთებას სთავაზობს, რომელიც მხოლოდ ერთ აცრას საჭიროებს.

ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა 170 მილიონამდე ადამიანმა მიიღო, მხოლოდ ნიუ-იორკში ეს რიცხვი 4.5 მილიონზე მეტია.

დღის ამბები