20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
სომხეთში 5 დღეა, მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ერევნის ცენტრში უკმაყოფილო ხალხმა შეკრება დათქმულ დროს დაიწყო. იმ მოედანზე, რომელიც დღეს დილით მოვლენების ეპიცენტრი იყო, მოძრაობა "არა ძარცვას " ორგანიზატორები გაცილებით უფრო მეტი მხარდამჭრით დაბრუნდნენ, ვიდრე წინა დღეებში შეკრიბეს.

წუხანდელი ღამის შემდეგ დემონსტრანტების მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა. კომუნალური გადასახადების გაიაფებასთან ერთად მოსახლეობა იმ 237 ადამიანის გათავისუფლებას მოითოხვს, რომლებიც პოლიციამ გამთენიისას აქციის დაშლისას დააკავა.

დაკავებულების წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ხულოგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით აღძრა. დღის ბოლოს კი მათი ნაწილი გაათავისუფლა.

პოლიციის განყოფილებებიდან აქტივისტები ისევ თავისუფლების მოედანზე დაბრუნდნენ და აქციას შეუერთდნენ.

მშვიდობიან აქციას ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი უკვე მეხუთე დღეა, მართავს. მათთვის გადამწყვეტი, გაუფასურებული ეროვნული ვალუტისა და უმუშევრობის ფონზე,  ელექტროენერგიის გაძვირება გახდა. 4-დღიანი პროტესტის შემდეგ მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გზა გადაკეტეს და სერჟ სარქისიანის გადადგომა მოითხოვეს.

პრეზიდენტი მზად იყო, აქციის ორგანიზატორებს შეხვედროდა. თუმცა, მომიტინგეებისთვის ეს შეთავაზება უკვე მიუღებელი იყო. მათ ისევ თავისუფლების მოედანზე დაბრუნებაზეც უარი თქვეს, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის დაშლა წყლის ჭავლით დაიწყო.

აქცია წყლის ჭავლით დაშალა პოლიციამ ქალაქ გიუმრიშიც, სადაც მშვიდობიანი გამოსვლები "არა ძარცვას" ლოზუნგით ასევე 19 ივნისს დაიწყო.

იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ხალხის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მომიტინგეები მზად არიან, გიუმრიდან ერევანში დაიძრნენ და უვადო აქციას შეუერთდნენ.

 

ავტორები: დავით კაკულია, თეა თეთრაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები