"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მელია პოლიტიკური ტყვეა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ იღებს.
"თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ვაჭრობის საგნად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში.
პატიმრობა გამოიყენება მაშინ, როცა ის არის უალტერნატივო საშუალება, რადგან პროკურატურის პოზიცია არ იყო ასეთი, რომ პატიმრობა უალტერნატივო საშუალებაა, სასამართლო შებოჭილი იყო პროკურატურის ამ პოზიციით. შესაბამისად, უნდა გაეთავისუფლებინა ნიკა მელია. თუმცა, ცხადია, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ვართ სასამართლოში, ან მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სასამართლომ ნიკა მელია დღეს კვლავ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა. "ნაცმოძრაობის" ლიდერი პარტიის ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.