ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საგანგაშო ნიშნული იმით განისაზღვრება, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ძალიან დაბალია.
"მე ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ნიშნული და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი შემთხვევა გვაქვს დღეისათვის დაფიქსირებული საქართველოში. მე ვფიქრობ, აქ ცოტა კომპლექსურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, ხოლო სიტუაციის კომპლექსურობა მძიმდება იმითი, რომ სამწუხაროდ საქართველოში იმუნიზაციის დონე არის ძალიან დაბალი. სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც არიან ვაქცინირებული.
სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც უკვე ცოტა ზერელედ უყურებს იმ დაცვის პირობებს, რომლებიც იყო შემოთავაზებული და სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს შტამები მსოფლიოში გაერთიანებული სამეფოსი, ბრაზილიურის თუ სამხრეთ აფრიკულის, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასნებოვნებს და მთელი ეს კომპლექსი ნამდვილად ართულებს სიტუაციას საქართველოში.
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ არ არის აუცილებელი მთავარი შეზღუდვები, აქ არის დიდი პრობლემა ისიც, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა რაოდენობის ადამიანი აცრილი, ანუ ჩვენ არ გვაქვს იმუნური ფენა, რომელიც დაიცავდა მოსახლეობას, რომ ეს სწრაფი ვირუსები და შტამები არ გავრცელდეს მოსახლეობაში," - აცხადებს ზაზა წერეთელი.
ზაზა წერეთელი "დღის კურიერის" ეთერში ორ მთავარ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მისი თქმით, საქართველოში ზერელედ უყურებენ. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ გადასულა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა მისივე თქმით, მათ თავისუფლად შეეძლოთ მუშაობა სახლიდან გაეგრძელებინათ.
ასევე მეორე პრობლემად ზაზა წერეთელი ასახელებს იმას, რომ სასურველი იქნებოდა განსაზღვრულიყო, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია ერთად შეკრება, რაც მისივე თქმით, საქართველოს მესამე ტალღის შეკავებაში დაეხმარებოდა.