03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ომბუდსმენი სოფელ მოხეში სადავო შენობის დემონტაჟის შეჩერების აუცილებლობას უსვამს ხაზს

სახალხო დამცველის თქმით, მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. ომბუდსმენის წარმომადგენლები სამცხე ჯავახეთის მუფტს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ომბუდსმენს აცნობეს, რომ 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება სოფელ მოხეში სადავო შენობის დემონტაჟი. ადგილობრივი მუსლიმების შეფასებით, მსგავს ქმედებას შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს.

შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სოფელ მოხეში სადავო შენობის დემონტაჟი დროებით უნდა შეჩერდეს. ომბუდსმენის აზრით, საკითხი დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს და საქმეში სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უნდა ჩაერთოს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

სოფელ მოხეში მიმდინარე კონფლიქტი შეისწავლეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. საქმის მასალებში ადგილობრივ მუსლიმთა ახსნა–განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.

სოფელ მოხეში სიტუაცია გასულ კვირას დაიძაბა. ადგილობრივი მუსლიმები სადავო შენობის მათთვის გადაცემას ითხოვენ. მათი თქმით, ამ შენობაში უწინ მუსლიმთა სალოცავი იყო განთავსებული. საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას. 

სრულად სახალხო დამცველის განცხადება იხილეთ ბმულზე

 

ამავე თემაზე იხილეთ გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი პოსტსკრიპტუმში დღეს 9 საათზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები