10 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
"აისელი დის ქმარმა გააუპატიურა" - "კურიერმა" 26 წლის ქალის გარდაცვალებაში ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა

კადრები და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ყაზახეთის მოქალაქე გარდაიცვალა - "კურიერმა" მოიპოვა გამოძიების მასალები 26 წლის აისელ აიპტაევას საქმიდან.

ჯერჯერობით ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალი ერთ პირს, 57 წლის ბესიკ თორდუას ედება, "კურიერმა" საქმეზე ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა.

ბრალდებული ადასტურებს, რომ აისელ აიპტაევა საკუთარ ბინაში თავად წაიყვანა, თუმცა არ ამბობს, რა მოხდა ბინაში მისვლის შემდეგ. ბესიკ თორდუა ჩვენებაში ყურადრებას სხვა გარემოებაზე ამახვილებს, მისი თქმით, 26 წლის ქალი დის ქმარმა გააუპატიურა. 

"ვაპირებდით, რომ აისელი დაგვეტოვებინა რუსთავში, მურატის სახლში. აისელმა მითხრა, რომ არ უნდა რუსთავში წასვლა, იმიტომ რომ მითხრა, მურატმა გამაუპატიურა და მასთან აღარ დავბრუნდებიო. მე გამიკვირდა, იმიტომ რომ ვიცოდი, აისელი იყო მისი ნათესავი, კერძოდ კი ცოლისდა. ამ საუბარს ისმენდა ბერდია კალანდიაც. ამაზე ძალიან გავბრაზდი. ამ დროს აისელმა მითხრა, რომ სურდა ჩემთან წამოსვლა დასარჩენად, თუ ამის საშუალება არ იქნებოდა, წავიდოდა სასტუმროში. მე მარტო ვცხოვრობ, ნაქირავებ ოროთახიან ბინაში, შესაბამისად აისელს ვუთხარი, რომ შეეძლო ჩემთან დარჩენა, შესაბამისად წამოვედით ჩემთან ბინაში,"- წერია ჩვენებაში. 

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

"დაკითხულია ხუთამდე მოწმე. არცერთი არ გადმოსცემს ინფორმაციას, რომ ბესომ რაიმე სახის ძალადობა, ან იძულება განახორციელა გარდაცვლილის მიმართ. სასამართლოს არ ჰქონდა მტკიცებულება, რომ მეორე მხარე, სადაც მამაკაცის ხმა ისმის, მაინცდამაინც არის ბესო. სხვა მტკიცებულება არც ბრალდებას და არც სასამართლოს არ გააჩნია და აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ან მისი საპატიმროში დატოვების საფუძველი სასამართლოს არ ჰქონია,"- აცხადებს ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობის" თავმჯდომარე ლაშა შუკაკიძე.

მომხდარზე გამოძიება გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 57 წლის კაცი.

დღის ამბები