19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
"ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე უნდა მიგვეღო, უნდა აიშვას ხალხმა" - საზოგადოება ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევას ეხმაურება

დღეიდან ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა 23 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისად, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი. ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს ღამის 11-მდე მოემსახურება.

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მთავრობას ადრე უნდა მიეღო. მათი განცხადებით, საზოგადოებამ იცის, რომ კოვიდსაფრთხის წინაშე არიან და პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სავსებით საკმარისია. ისინი ამბობენ, რომ დასჯა და ქუჩაში გასვლის აკრძალვა არ არის საჭირო.

"ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე უნდა მიგვეღო, უნდა აიშვას ქვეყანამ და ხალხმა, რადგანაც ჩავარდა ეკონომიკა და ადამიანური ურთიერთობები, გამოშტერდა ახალგაზრდობა სკოლაში რომ ვერ დადის, ურთიერთობები რომ ვერ აქვს, დეგრადაციას განიცდის ქვეყანაც, საზოგადოებაც და ჩვენი ხვალინდელი მომავალიც," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, დღეიდან მუნიციპალური ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო 23:00 საათამდე იმუშავებენ. რაც შეეხება საბაგირო გზებს, რიყე, ნარიყალასა და კუს ტბის საბაგირო გზა დილის 10-დან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ბაგებისა და უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დილის 8-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს.

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები