გასული წლის 15 დეკემბერს 19 წლის დავით ხარაზიშვილი მოკლეს. მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა ცნობილია, რომ იმ დღეს დათოს 2 უცნობი მამაკაცი ეძებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დათო ხარაზიშვილის მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორების მიზეზი არასრულწლოვანი გოგონას მიერ დედისთვის მოყოლილი ისტორია იყო, რომელშიც ის პირველ დეკემბერს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.
გარდაცვლილი ბიჭის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გოგონამ და მისმა დედამ დათო ხარაზიშვილი განტევების ვაცად გამოიყენეს.
გარდაცვლილის ახლობლები თვლიან, რომ გოგონამ მიზანმიმართულად იცრუა. მოტივი კი ბიჭის მხრიდან მისთვის ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმა იყო.
ამ საქმეზე პროკურატურას ჯერჯერობით მხოლოდ კახა ფ. ჰყავს დაკავებული დაღუპულის ოჯახი კი ამ ისტორიაში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვს.
დავით ხარაზიშვილის მკვლელობის ფაქტზე უკვე რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სამი მოწმეა დაკითხული. ჩვენება არ მიუციათ არც არასრულწლოვან გოგონასა და არც მის ნათესავებს. სასამართლოს კი მხოლოდ სამი თვე რჩება იმის გასარკვევად ჰქონდა თუ არა ძალადობის ფაქტს ადგილი თუ 19 წლის ბიჭის სიცოცხლე შეგნებულად ნათქვამმა სიცრუემ შეიწირა.
ავტორი: გიორგი გვიშიანი