ქართველი მღვდელი, რომელიც წლებია აზერბაიჯანში იქ მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისათვის წირავდა, მეზობელ ქვეყანაში არ შეუშვეს. საბაბად ახალი კანონი მოიშველიეს, რომელიც კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას აზერბაიჯანში.
მოქალაქე თეთრუაშვილი აზერბაიჯანისთვის სხვა სახელით არის გამორჩეული. არქიმანდრიტი დემეტრე ერთადერთი ქართველი ღვთისმსახურია მთელს ისტორიულ ჰერეთში.
საზღვრიდან გამობრუნებულმა აქრიმანდრიტმა და მისმა მღვდელმთავარმა აზერბაიჯანის ელჩს ჩააკითხეს თბილისში. მიადგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რამდენჯერმე დაურეკეს ჩვენს ელჩს ბაქოში. პასუხი ერთი იყო – დროა საჭირო, რომ უარის მიზეზი გავარკვიოთ, შემდეგ კი დროა საჭირო, რომ აზერბაიჯანის მიწაზე ქართული ღვთისმსახურების აღდგენა ვცადოთ. მეორე პასუხი კი ასეთი იყო– აზერბაიჯანული კანონით, ღვთისმსახურების უფლება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ და ქართველ მღვდელსაც, ალბათ, პასპორტის შეცვლა მოუწევს.
შავ სიაში აღმოჩენის შემდეგ მან რამდენიმე დღე იფიქრა, ღირდა თუ არა აზერბაიჯანული მოქლაქეობის მიღება. ბოლოს გადაწყვიტა, რომ არ ღირდა, რადგან ამით საბოლოოდ დაკარგავდა საქართველოს პასპორტს და იმ მცირედ დაცვასაც, რასაც ჩვენი მოქალაქეობა სხვა ქვეყნებში სწვდება.
ეპარქიაში იმედი აქვთ, რომ გაარკვევენ და დაალაგებენ ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოსთან, ამასთან ერთად კი არჩევენ სემინარიის სტუდენტს აზერბაიჯანული პასპორტით, რომელიც მღვდლად კურთხევის შემდეგ, ჰერეთში მსახურებას გააგრძელებს.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი