19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
"აქ ჩამოვედი, რათა დაგარწმუნოთ ჩვენს სოლიდარობაში" - გერმანიის პირველი დიპლომატი თელ-ავივში ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთში გერმანიის პირველი დიპლომატი ჩავიდა. ჰეიკო მაასი თელ-ავივში უკვე შეხვდა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს. პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრამდე, მას უმასპინძლა ისრაელელმა კოლეგამ, გაბი აშკენაზიმ, რომელიც გერმანულ მხარეს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

"ისრაელის მთავრობის და ისრაელის მოქალაქეების სახელით მადლობას გიხდით სოლიდარობისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ოპერაციას სასურველ დასასრულამდე მივყავართ. ჩვენ ძალზე პროპორციულ და ზუსტ გზას ვიყენებთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებს ზიანი არ მივაყენოთ, ვინც კონფლიქტში არ არის ჩართული. ჩვენ განვასხვავებთ ჰამასსა და პალესტინას. ადგილობრივები ამ კონფლიქტში ჰამასის მძევლები არიან. ჩვენ საშუალებას ვიძლევით რომ ღაზის სექტორში საწვავი და სამედიცინო აღჭურვილობა შევიდეს,“ - აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბი აშკენაზი.

ისრაელში სტუმრად ჩასულმა დიპლომატმა, ჰეიკო მაასმა შეხვედრისას მკაფიო გახადა, რომ ისრაელის თავდაცვის უფლებას მხარს უჭერს. ბერლინმა გუშინ მხარეებს ვითარების განმუხტვის 3-ეტაპიანი გეგმა შესთავაზა, რომელსაც სავარაუდოდ პალესტინურ მხარესთან შეხვედრის დროსაც განიხილავს. გარდა ამისა, ჩანიშნულია მაჰმუდ აბასისთან შეხვედრაც.

"აქ ჩამოვედი, რათა დაგარწმუნოთ ჩვენს სოლიდარობაში. ბოლო დღეებში ბევრჯერ გავუსვით ხაზი  იმას, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება ამ მიუღებელ და მასშტაბურ თავდასხმაზე. აქ რეგიონში არსებობს სახელმწიფოები და ჯგუფები, ვინც ისრაელის განადგურებით იმუქრება. ამიტომ, ისრაელმა უნდა დაიცვას თავისი ქვეყანა და მოსახლეობა.

გერმანია გააგრძელებს ამ საქმეში კონტრიბუციას თუ იგი დღის წესრიგში კვლავაც დარჩა. არსებულმა ესკალაციამ გვიჩვენა, რომ გასულ წლებში საკითხის უგულებელყოფამ გააძლიერა ისინი, ვისაც ძალადობისა და სიძულვილის ხილვა სურდათ, ამას რამე უნდა მოვუხერხოთ,“ - აცხადებს ჰეიკო მაასი

დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტის განმუხტვის საქმეში არ წყდება. ისრაელში ჩავიდნენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. კონფლიქტის მე-10 დღეს ხელშესახები შედეგების მოლოდინი აქვს ჯო ბაიდენსაც, თუმცა ნეთანიაჰუს განზრახული აქვს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია ბოლომდე მიიყვანოს.

დღის ამბები