19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
გადაიზრდება თუ არა ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმე ტრეფიკინგის მასშტაბურ სქემაში - ყაზახეთიდან გამომძიებლები ჩამოვიდნენ

ყაზახი გამომძიებლები, თითქმის 2 საათი, დღეს ქართველ კოლეგებთან ერთად ბესიკ თორდუას კითხავდნენ, პირს, რომელსაც გამოძიება 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. კითხვები მრავალფეროვანი იყო, ყაზახ გამომძიებლებს თორდუასგან ყველაფერი აინტერესებდათ, როგორც ქალის გაუპატიურების, ასევე გარდაცვალების ნაწილი, შეეხნენ ტრეფიკინგის საქმესაც. გამოკითხვის დეტალები მედიას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა მოუყვა, თავად გამომძიებლები კი საუბრისგან თავს იკავებენ.

ყაზახი სამართალდამცველები საქართველოში ტრეფიკინგის საქმის შესასწავლად ჩამოვიდნენ, არკვევენ მურად მეირბეკოვის კავშირებს, მას ყაზახეთში ბრალი სწორედ ადამიანების ვაჭრობის მუხლით აქვს წარდგენილი. ამ მძიმე ბრალდებას მეირბეკოვს გარდაცვლილი აიპტაევას ოჯახი უყენებს. მათი ადვოკატი ყაზახეთში კურიერს უყვება, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმე არა ერთ გოგოს, არამედ ბევრად მეტს შეეხება.

რა ინფორმაციას ფლობს ყაზახური მხარე ტრეფიკინგის საქმეზე და შესაძლებელია თუ არა დაზარალებულთა წრე გაფართოვდეს? - ყაზახეთში გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს ყველა ის პირი, ვინც როგორც ბრალდებულ მეირბეკოვს, ასევე გარდაცვლილ აიპტაევას იცნობდა. მათ შორის უწყება ჩაბარდა აიდოს შაივერდინოვს, პირს, რომელიც ყაზახურ-ქართულ კომპანიას საქართველოში მეირბეკოვთან ერთად ხელმძღვანელობდა.

მურად მეირბეკოვს საქართველოში ნათესავი ქალის გაუპატიურებას, ყაზახეთში კი ტრეფიკინგს ედავებიან. მას ორივე ქვეყანაში ბრალი ოფიციალურად აქვს წარდგენილი და ყაზახეთში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გადაიზრდება თუ არა ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმე ტრეფიკინგის მასშტაბურ სქემაში ამას გამოძიება დაადგენს. ყაზახი გამომძიებლები საქართველოში სწორედ ამის გასარკვევად ჩამოვიდნენ.

დღის ამბები