04 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის პრინციპი და ე.წ. კლანური მმართველობა - საია-მ კვლევის პრეზენტაცია გამართა

მოსამართლეთა შერჩევის პრინციპი და ე.წ. კლანური მმართველობა - ეს სიას შეფასებით მართლმსაჯულების სისტემის ბოლო 8 წლის მთავარი გამოწვევებია. კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამართა.

კვლევის მთავარი გზავნილი არის ის, რომ სასამართლო რეფორმის ოთხივე ტალღა ჩავარდნილია, რომ სასამართლოში არსებობს ე.წ. კლანური სისტემა და რომელთა კარნახით მიმდინარეობს პროცესები სასამართლოს შიგნით.

"ნდობის კრიზისის ფონზე ჩვენ კვლავაც ვხედავთ პროცესებს, როდესაც ერთის მხრივ პარლამენტი არავითარ ნაბიჯებს არ დგამს სისტემის გასაჯანსაღებლად და უკვე ერთ თვეზე მეტი არის გასული 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერიდან და ჯერ არავითარი ნაბიჯები არ არის გადადგმული ხელისუფლების მხრიდან. მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ უკვე სასამართლოში შიგნით მიდის პროცესები, რომელიც მიუთითებს საფრთხეებზე, რისკებზე, რომ შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფი კვლავაც აგრძელებს მისი ძალაუფლების, გავლენების გაფართოებას," - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საქართველოში ტერმინი "სასამართლო რეფორმა" გაუფასურდა.

"სწორედ ამ ოთხმა ტალღამ გამოიწვია ეს, რადგან შედეგები სასამართლოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ფაქტობრივად არ დადგა. ჩვენ მივიღეთ შედეგად ის, რომ გაძლიერდა ჩინჩალაძის კლანი. მნიშვნელოვანი არის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ და შემდგომი ნაბიჯები უკვე, რომელსაც თუ გადადგამს საქართველოს პარლამენტი და იქნება მიმართული სასამართლოს რეფორმისთვის ყველა ნაბიჯი უნდა იქნას კარგად გააზრებული," – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა. კახა კუჭავამ უპასუხა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარლამენტი მიმდინარე პროცესში ვერ ჩაერევა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავად მოსამართლეთა კონფერენციის გადასაწყვეტია ჩატარდება ეს კონფერენცია, გადაიდება და ზოგადად გაგრძელდება ეს პროცესი თუ არა.

"ის მოლოდინი, რომელიც არსებობს მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროცესი და სამწუხაროდ თუ სასარგებლოდ, ეს ვისთვის როგორ შეიძლება იქნას გაგებული, საქართველოს პარლამენტი ვერ ჩაერევა ამ პროცესში, მითუმეტეს არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მე როგორც სპიკერი ჩავერევი იმ პროცესში, რომლის განხორციელების უფლებამოსილება მე არ მაქვს. ზუსტადაც პარლამენტში უნდა გადმოინაცვლოს ამ საკითხზე მსჯელობამ, ამას გულისხმობს შარლ მიშელის დოკუმენტი. აუცილებელი არის და ვიცი კიდეც, რომ ჯგუფი შეიქმნა უკვე იურიდიულ კომიტეტში და ამ კვირაში უნდა დაიწყონ მუშაობა და რაც უფრო მალე დაიწყებენ, მით უფრო წინ წავიგდებთ ასე ვთქვათ საქმეს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები