საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას ახორციელებს. დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც „ქვევრის სახლი„ უნდა აშენდეს კაფსულა ჩაიდო, ალავერდის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა კი სამშენებლო მოედნის საძირკველი აკურთხა.
ქვევრის სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს შენდება და მისი ღირებულება 2 290366,37 ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.
პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. ამას გარდა, ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. „ქვევრის სახლში“ ასევე იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე.
ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი.
პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემის მოწყობა. ამას გარდა, ტერიტორიის კეთილმოწყობა მოხდება. „ქვევრის სახლის“ სკოლა-სახელოსნო კომპლექსურ ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება.