მთავრობა ქართულ ტელევიზიებს მილიონ 73 ათას ლარს უკან უბრუნებს. გადაწყვეტილება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
მიმდინარე წლის 17 ივლისიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად სატელევიზიო მაუწყებლებს ლიცენზირების რეჟიმი გაუუქმდებათ და ტელევიზიების საქმიანობას განაგრძობენ ავტორიზააცის გზით.
საქართველოს მთავრობა 30 ტელევიზიას, რომელთა შორის 21 რეგიონალური ტელევიზიაა მილიონ 73 ათას ლარს უკან დაუბრუნებს.
„ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საეთერო, სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ წინასწარ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებლის უკან დაბრუნებას ლიცენზიის ვადის დარჩენილი დროის პროპორციულად. საერთო ჯამში კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 30 მაუწყებელს უკან დაუბრუნებს მილიონ 73 ათას ლარს, რომელიც უკვე გამოიყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.