12 მაისი 2024,   17:21
ვრცლად
რა მოხდა სკანდალურ რეისზე - ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მათი მტკიცებით, მფრინავების დისპეტჩერთან საუბარს ასახავს

ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა Ryanair-ის ეკიპაჟისა და მინსკის აეროპორტის დისპეჩერის საუბრის გაშიფრული ვარიანტი, როდესაც ეკიპაჟს აცნობეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე შესაძლოა ბომბი ყოფილიყო:

გაშიფრული საუბრის თანახმად მინსკელი დისპეჩერი მოსკოვის დროით 12:30 საათზე დაუკავშირდა ეკიპაჟს და უთხრა, რომ მიიღო სპეცსამსახურებიდან ინფორმაცია ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ, რომელიც ვილნიუსის თავზე უნდა აფეთქებულიყო:

დისპეჩერი: RYR 1TZ გაცნობებთ, რომ გვაქვს სპეცსამსახურებისგან ინფორმაცია, რომ ბორტზე ბომბია და ის შესაძლოა გააქტიურდეს ვილნიუსის თავზე.

მფრინავი: გასაგებია.

დისპეჩერი: უსაფრთხოების მიზნით გირჩევთ დაეშვათ UMMS (მინსკის ნაციონალურ აეროპორტში).

მფრინავი: კარგი... ეს... გასაგებია... მოგვეცით ახალი კურსი, გთხოვთ.

მფრინავი: ბომბი... საიდან მოვიდა ეს შეტყობინება, თქვენ საიდან მიიღეთ?

დისპეჩერი: აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, მათ მიიღეს ელექტრონული წერილი.

მფრინავი​: ვილნიუსის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისგან თუ საბერძნეთიდან?

დისპეჩერი: ეს ელექტრონული წერილი დაიგზავნა რამდენიმე აეროპორტში.

მფრინავი: გასაგებია.

მფრინავი: მაინც კვლავ... მინსკზე გადამისამართების რეკომენდაცია საიდან გაჩნდა, ვისგან წამოვიდა? კომპანიისგან? ეს მოდის გამოფრენის აეროპორტის ხელმძღვანელობისგან თუ მიღების აეროპორტისგან?

დისპეჩერი: ეს ჩვენი რეკომენდაციაა.

დაახლოებით 12:45 საათზე მფრინავი კითხულობს: "გვიპასუხეთ (არ ისმის): წითელი, ყვითელი თუ მწვანე?" - (სავარაუდოდ საუბარია საფრთხის შეფასებაზე) "ამბობენ, რომ წითელია," - პასუხობს დისპეჩერი. ამაზე მფრინავი ამბობს, რომ კვლავ გააგრძელებს ფრენას ვილნიუსისკენ.

მოსკოვის დროით 12:47 საათზე  მფრინავი თავად უკავშირდება დისპეჩერს და საგანგებო სიტუაციის შესახებ ატყობინებს, საუბრის შიფრის მიხედვით, ის ამბობს, რომ თვითმფრინავს მინსკისკენ აბრუნებს. ის იტყობინება, რომ ბორტზე 133 ადამიანია და სახიფათო ტვირთი არ აქვთ. საუბარში არაა ნახსენები საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ცაში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით ავიდა.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თვითმფრინავში ბომბის შესახებ შეტყობინება ინგლისურ ენაზე მინსკის აეროპორტს მიუვიდა ელექტრონული მისამართიდან protonmail.com.

"ჩვენ "ჰამასის" ჯარისკაცები მოვითხოვთ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს ცეცხლი ღაზას სექტორში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ისრაელის მხარდაჭერაზე ამ ომში. ცნობილია რომ Delphi Economic Forum ის მონაწილეები სახლში ბრუნდებიან რეისით FR4978. ამ თვითმფრინავში არის ბომბი. თუ თქვენ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ბომბი აფეთქდება 23 მაისს ვილნიუსის თავზე,"- ნათქვამი მუქარის წერილში რომელიც უწყების თქმით, აეროპორტმა მიიღო.

გასულ დღეს "ჰამასმა" ინციდენტში მონაწილეობა უარყო.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა ბომბის საფრთხის გამო მინსკში ექსტრემალურად დაჯდა, თუმცა ბომბის არსებობა არ დადასტურდა.  თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციური ტელეგრამარხის NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებას ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო რუსი სოფა საპეგა დააკავეს. მეორე დღეს ბელორუსის სახელმწიფო არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც პროტასევიჩი ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება მისცა. მის სახეზე სისხლჩაქცევები ჩანდა.

ამ ინციდენტის შემდეგ ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ურჩია თავი შეიკავონ ბელორუსის ტერიტორიაზე ფრენისგან. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თითქმის 10-მდე საჰაერო გადამზიდავმა. ბელორუსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა უკრაინამ, ლიეტუვამ, შვედეთმა. მომხდარი შემთხვევა საერთაშორისო სკანდალად შეფასდა, ინციდენტს "სახელმწიფო მეკობრეობა" უწოდეს, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას გეგმავს.

დღის ამბები