16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
მგონი მომწიფდება ის დრო, როდესაც პოლიტიკოსების მიერ მართვადი მიტინგები იქნება, მანამდე უბრალოდ შეუძლებელია აქციებმა შედეგი მოგვცეს - ვახტანგ მეგრელიშვილი

ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, "გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილიც შეუერთდა. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია აქციები პოლიტიკოსებმა მართონ, რადგან მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია აქციებმა შედეგი გამოიღოს:

"ათასობით ადამიანი გამოხატავს გულწრფელ პროტესტს, თუმცა ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები რატომღაც შიშობენ, რომ ტრიბუნაზე ავიდნენ და ილაპარაკონ. მგონი მომწიფდება ის დრო, როდესაც პოლიტიკური გზავნილები გაკეთდება და პოლიტიკოსების მიერ მართვადი მიტინგები იქნება. რადგანაც, მანამდე, უბრალოდ შეუძლებელია აქციებმა შედეგი მოგვცეს," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტილია. დღეს საპროტესტო აქციების 24-ე დღეა, შეკრების ადგილად სიმბოლურად ევროპის მოედანი შეირჩა, აქციას კი ევროპის მარში დაერქვა.

არ იცვლება მხოლოდ პროტესტის მიზანი და მოთხოვნა - აქციის მონაწილეები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ინიციატივაზე უარის თქმას ითხოვენ.

ევროპის მოედანზე შეკრებამდე დღევანდელი აქციის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და სიმბოლურად შერჩეულ ადგილას მსვლელობით დაიძრნენ.

 

დღის ამბები