16 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
პირველად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით - საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავს

ბევრმა არ იცის, რომ 12 ოქროს ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე სრულყოფილების, სისრულისა და ერთობის სიმბოლოა და არა წევრების რაოდენობა. წევრი ამ ერთობას გაცილებით მეტი ჰყავს და დღეს, კიდევ უფრო მეტი წევრობის მსურველიც. თბილისი ერთ-ერთია! ევროპის დღე დედაქალაქმა კანდიდატის სტატუსით პირველად აღინიშნა.

"ეს მიღწევა ქვეყანამ მოლაპარაკებების გახსნით უნდა გააფორმოს და ხელი ამას ვერაფერმა უნდა შეუშალოს" - ასე ფიქრობს ბრიუსელი, რომელიც ქართველ ხალხს გვერდში დგომას ჰპირდება. ევროკავშირის მთავარმა ხმამ დღეს ქართველებს სათქმელი ქართულ ენაზე უთხრა.

27 სახელმწიფოს ერთობა საერთო ღირებულებებთან ერთად, კულტურულ მრავალფეროვნებაზე დგას. ამის ამსახველ, სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ევროკავშირის ელჩი მთავრობიდან მისულ სტუმრებს გაუძღვა. პრემიერ-მინისტრი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს შეხვდა და მათი კულტურისა თუ მეცნიერების მიმართულებით სიახლეები მოისმინა. "მჯერა საქართველოს შეუძლია შეიტანოს წვლილი ევროპის გამდიდრებაში "- აღნიშნა გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ. ევროპის დღეზე იყო მინისტრთა კაბინეტიც და დედქალაქის მერიც.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცე უფრო დინამიური გახდა, ხალხის ნაკადმაც იმატა. ადგილზე მათ მრავალფეროვანი სანახაობა დახვდათ. ვიქტორინები, გამოფენები, გათამაშებები, კულტურული და გასართობი აქტივობები, უცხო კერძები და სიმბოლური საჩუქრები თითოეული წევრი სახელმწიფოსგან, პატარა თუ დიდი ევროპის სიყვარულმა და ევროპელობის სურვილმა გააერთიანა. მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის ევროპული კურსი შეუქცევადია.

ევროკავშირის მიერ შემოსული ფონდებისა და რესურსების დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქციის დახვეწისთვის და ბაზარზე გატანისთვის დახმარება სწორედ ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ გაუწია. შედეგით საქართველოც და ევროპაც თანაბრად კმაყოფილია.

ევროპის დღე თბილისში აღნიშნეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმაც, რომლებიც წლებია ახლოდან უყურებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ახლაც აქტიურად ადევნებენ თვალს იმას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო არჩეული კურსის ერთგულების დასამტკიცებლად.

ქართული იდენტობით, ენით, კულტურითა და უნიკალურობით საქართველო იყო და არის ევროპის განუყოფელი ნაწილი. იზეიმებს თუ არა მომავალი წლის ევროპის დღეს თბილისი ევროპასთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვით, სწორედ მასზეა დამოკიდებული. 

დღის ამბები