16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
შეიძლება, თანხის სანაცვლოდ პოლიციის მანქანა დაწვა და ეს მოიწონოს ვიღაცამ, სწორედ ასეთი ფაქტები წარმოშობს სხვა ძალადობას - ირაკლი ღარიბაშვილი

შეიძლება, თანხის სანაცვლოდ პოლიციის მანქანა დაწვა და ეს მოიწონოს ვიღაცამ, სწორედ ასეთი ფაქტები წარმოშობს სხვა ძალადობას, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამას გამოიძიებს პოლიცია. შეგახსენებთ კიდევ უფრო მძიმე ფაქტს, წინა ხელისუფლების დროს, ეს ფაშისტები როცა იყვნენ ხელისუფლებაში, გახსოვთ ხურჩის ტერაქტი, ადამიანებმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწყვეს ტერაქტი. ამაზე რატომ აღარ საუბრობთ? არ ვიცი, ამ ადამიანებს ვინ ესხმის თავს. მე არ მინდა, სპეკულაციები გავაკეთო, მაგრამ არ არის გამორიცხული არაფერი, ვინ რას ავალებს, ვინ, ვის ფულს უხდის. გამოძიება ალბათ მიმდინარეობს. მე არ ვიცი დეტალები, მაგრამ თანხის სანაცვლოდ შეიძლება, პოლიციის მანქანა დაწვა და ეს მოიწონოს ვიღაცამ? სწორედ ასეთი ფაქტები წარმოშობს სხვა ძალადობას.

გვარამია, მელია, ეს ფაშისტები, ყოფილი კრიმინალები და ქვეყნის მოღალატეები როგორ შეიძლება, ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე და ევროინტეგრაციაზე, რა გაუკეთებიათ ან დემოკრატიისთვის, ან ევროინტეგრაციისთვის, თუ რაიმე სიკეთე მიიღო ქვეყანამ ევროკავშირისგან, ეს მოხდა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, სტატუსი, ქვეყანა 10 წელიწადში გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. აქ არ მივიღებთ არავისგან კრიტიკას, მით უმეტეს, ამ მანიაკებისგან, რომლებიც ქვეყანას ანგრევდნენ", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები