საპროტესტო აქციების 24-ე დღე - შეკრების ადგილად ევროპის მოედანი შეირჩა, აქციას კი "ევროპის მარში" დაერქვა. არ იცვლება მხოლოდ პროტესტის მიზანი და მოთხოვნა - აქციის მონაწილეები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ინიციატივაზე უარის თქმას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი დღეს 4 სხვადასხვა ადგილას შეიკრიბა, ერთ-ერთია რესპუბლიკის მოედანი, საიდანაც დანიშნულების მთავარი ადგილის მიმართულებით მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, შემდეგ გადაინაცვლებენ ევროპის მოედანზე.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. იქ იმყოფება პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, რომელიც ამბობს, რომ მმართველმა ძალამ კანონი უკან უნდა გაიტანოს, რადგან ის ქართულ საზოგადოებას არ უნდა.
მსვლელობაზე იმყოფება პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეც.
აქციას ევროპის მოედანზე შეუერთდებიან მეტრო "სამასი არაგველიდანაც", სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიკრიბა და ამ წუთებში მსვლელობით მიემართება უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
მსვლელობაზე იმყოფება პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.
"გამოვხატავთ იმას, რასაც 1000 წლებია ჩვენი წინაპრები გამოხატავენ და რასაც ჩვენი შვილები გამოხატავენ ყოველდღიურად. საქართველო არის ევროპა, ჩვენი ადგილი არის მხოლოდ იქ. ვისაც ეს არ მოსწონს, წავიდეს სხვაგან," - ამბობს ნიკა გვარამია.