18 დეკემბერი 2024,   23:53
ვრცლად
არ მგონია სწორი იყოს ის ნაბიჯი, როდესაც ენმ შეთანხმების შესრულებაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას არ იღებს - ანა ნაცვლიშვილი

7 თვიანი ბოიკოტი დასრულდა - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხზე უკვე გაკეთდა შეფასებები. საუბარია იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც უკვე საქმიანობენ საკანონმდებლო ორგანოში და შესაბამისად მათ ხელი მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად მიესალმებიან "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობენ საქმიანობას, თუმცა ამავე დროს ოპოზიციაში გაუგებრად მიაჩნიათ, რატომ გადაწყვიტეს "ნაციონალურ მოძრაობაში" საკანონმდებლო საქმიანობის დაწყება შარლ მიშელის დოკუმენტზე გვერდის ავლით.

"მე არ მგონია სწორი იყოს ის ნაბიჯი, როდესაც ერთის მხრივ შემოდიხარ პარლამენტში, სარგებლობ და ბუნებრივად ვრცელდება ამ შეთანხმების შესრულებით, უკვე გავრცელებულია კონკრეტული შედეგები თავად ამ პოლიტიკურ ძალაზე, მაგრამ ამ შეთანხმების შესრულებაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას არ იღებენ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ვითარების მიუხედავად გამოთქვამენ იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მსგავსად "ნაციონალურ მოძრაობაში" შეჯერდებიან და საბოლოოდ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

"ერთხელ და სამუდამო დამთავრდეს ეს ყბადაღებული თემა, ვინც ხელი მოაწერა და შევიდა პარლამენტში არის გამყიდველი, არის ბიძინას თამაშის მოთამაშე, მაგრამ როცა იგივეს აკეთებს "ნაცმოძრაობა", ის ითვლება ძალიან დიდ გმირობად მოცემულ სიტუაციაში, ამიტომ ორმაგი სტანდარტების დრო არ არის, პოლიტიკაში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ასევე უნდა დავასრულოთ ყალბი პათეტიკური სადღეგრძელოები და გადავიდეთ პრაგმატულ პოლიტიკაზე," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები