19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
კორონავირუსი ორი დოზით აცრილებსაც დაემართათ, თუმცა მსუბუქად - გვიცავს თუ არა ვაქცინა ინფექციის ახალი შტამებისგან

ინდური ვარიანტის შემდეგ საქართვლოში შესაძლოა, სამხრეთ აფრიკული შტამი დადასტურდეს. ერთ საეჭვო ფაქტს ლუგარის ლაბორატორია უკვე სწავლობს.

ვირუსის ეს ფორმა, სხვა ვარიანტებთან შედარებით, 50%-ით სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ იწვევს გართულებას და სიკვდილიანობას.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს სრულად ფარავს "ფაიზერის" ვაქცინა. პრეპარატის მილიონი დოზა საქართველოში ივლისის მეორე ნახევარში შემოვა და რეგიონების მასშტაბით გადანაწილდება.

აცრის შემდეგ რამდენად ვართ დაცული კრონავირუსული ინფექციისგან - სპეციალისტების განცხადებით, რაც მთავარია, კოვიდვაქცინა ყველას იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან. საქართველოში ინფიცირების შემთხვევები ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8%-ია , ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლები - 0,3%-ია . უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტებს თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება

ყველა ვაქცინას დაცვის სხვადასხვა ეფექტიანობა აქვს. მაგალითად, "ასტრაზენეკას" შემთხვევაში ორ დოზას შორის 12-კვირიანი შუალედის დროს ეფექტიანობა იზრდება 55-დან 82,4%-მდე. თუმცა, მედიკოსებს მიჩნიათ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა მინიმალური ინტერვალით უნდა გაიკეთონ ვაქცინა, რომ მათი სიცოცხლე დაცული იყოს.

პანდემიის დასასრულებლად იქნება თუ არა მოზარდების ვაქცინაცია აუცილებელი? სპეციალისტები ელოდებიან მეტ მტკიცებულებებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვთა ასაკში. ამასთან, იმასაც ამბობენ, რომ თუ 18 წელს ზემოთ საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდება, მაშინ მოზარდთა ვაქცინაციისგან თავს შეიკავებენ.

საქართველოში ამ დროისთვის აცრილია 138 914 ადამიანი. პარალელურად, იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც გამოთქვამს სურვილს, ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში. ოფიციალურ პორტალზე, დღეის მონაცემებით, 108 856 მსურველია დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა არჩევანს "ფაიზერზე", "მოდერნასა" და "სინოფარმზე" აკეთებს.

დღის ამბები