19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ბავშვები ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულის მსხვერპლი არიან, მაღალია ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობის რისკიც - გენპროკურორის მოადგილე​ ადრეულ ქორწინებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის - #ნუწაართმევბავშვობას გახსნითი ღონისძიება გაიმართა. 

უწყების ცნობით, ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი დაესწრო, რომელმაც იმ მწვავე პრობლემების შესახებ ისაუბრა, რაც ბავშვობის ასაკში ნაადრევ ქორწინებას ახლავს.

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ბავშვობის ასაკში ქორწინება ზიანს აყენებს არასრულწლოვნის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

"ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულის მსხვერპლები არიან, მაღალია მათ მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობის განხორციელების რისკიც" - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.  

ღონისძიებაზე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნაადრევი ქორწინება ბავშვის უფლებების დარღვევა, ქორწინების იძულება კი დანაშაულია.

მათივე თქმით, ნაადრევი ქორწინება განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას გოგონებზე და ქალებზე ახდენს.

ბავშვობის ასაკში ქორწინება არათანაზომიერად ნეგატიურად აისახება გოგონებზე, ქორწინების მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში განათლების, დასაქმების, პერსპექტივებისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. შესაბამისად, საჭიროა მუდმივად იქნას დაცული ბავშვთა უფლებები, რათა ბავშვებმა იცხოვრონ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია რეალური გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ამისათვის კი გოგონების და ქალების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაცია და ძალადობა უნდა დასრულდეს, აღმოიფხვრას ისეთი მანვე პრაქტიკები, როგორიც ბავშვობის ასაკში ქორწინებაა.

 

დღის ამბები