ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მინისტრს ჯერჯერობით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რჩება ბინაზე თვითიზოლაციაში და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. რაც შეეხება მისი აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს Astrazeneca-ს ვაქცინით პირველი აცრა, მეორე აცრის თარიღი იყო განსაზღვრული 14 ივნისისთვის, რაც არის 12 კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი. თუმცა, ამ მდგომარეობის გამო, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება,“ - განმარტა თამარ გაბუნიამ.