ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარება და ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატი ვერ შედის, მხოლოდ მთავარეპისკოპოს სპირიდონის პასუხისმგებლობაზე არ გადის.
უფლებადამცველი ამბობს, რომ საპატრიარქოს მფარველობის გარეშე აღნიშნული სასულიერო პირი "ამდენს ვერ გაბედავდა".
"სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის კონსტიტუციური ორგანო და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს. ციხეებში შედიან მისი წარმომადგენლები და ერთადერთი ტერიტორია, სადაც სახალხო დამცველი ვერ შედის, ეს არის საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიები. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და გამოდის რომ აქაც გვაქვს უკონტროლო ზონები, სადაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღება.
მე არ დავიყვანდი მხოლოდ მეუფე სპირიდონის პასუხისმგებლობამდე ამ საკითხს. აქ ინსტიტუციურ პასუხისმგებლობაზე უნდა დავაყენოთ საკითხი, ეს არის საპატრიარქოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც აქაც გამოვლინდა.
როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანს მფარველობა რომ არ ჰქონდეს მაღალი იერარქებისგან, ამდენს ვერ გაბედავდა. ამდენს ვერ ბედავენ მათ შორის სახელმწიფო მოხელეები, თუკი ეკლესიას არ აქვს გარკვეული თანხმობები. არ წარმომიდგენია, რომ საპატრიარქოს გავლენებისა და მფარველობის გარეშე ხდებოდეს ეს," - განაცხადა იდა ბახტურიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.