ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მძიმე ინტერვიუ - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პანსიონში 15 წლის განმავლობაში დახურულ რეჟიმში იმყოფებოდა, ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე დეტალურად, ექსკლუზიურად "კურიერთან" საუბრობს.
ირკვევა, რომ პრობლემა სისტემურია და სადამსჯელო ღონისძიებებსა და ძალადობას ადმინისტრაცია ყოველდღიურად მიმართავს:
"გვანსხვავებდნენ სხვადასხვა ნიშნით, გვქონდა ცემა-ტყეპა მღვდლებისგან. ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანეთ და ძალიან ბევრი ტრავმა მივიღეთ, როგორც ტვინის, ასევე ფსიქოლოგიურად.
სულ ვისჯებოდი იმ მხრივ, რომ 24 საათი ბრინჯის მარცვლებზე ვიდექი მუხლებით. იყო შემთხვევა, რომ 15 წლის განმავლობაში 90-ჯერ მაინც ვცადე გაპარვა, თუმცა ვერ გავიქეცი, რადგან დიდ ბიჭებს მადევნებდნენ დასაჭერად. შემდეგ ექიმთან მივყავდი და დამაძინებლებს მიკეთებდნენ.
იყო ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც პირადად მე მთელი 15 წელი სისხლი გამიშრო. იყო ერთი ბავშვი, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა იქ, იმის გამო, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ეს იყო გენეტიკის ბრალი - იფსამდა, ამის გამო კი პედაგოგმა მას "მოსიარულე ფსელი შეარქვა". მასწავლებლები და ბავშვები ამ ბიჭს ასე აბულინგებდნენ,"- აცხადებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელი პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას საპატრიარქოს ანიჭებს.
"პირველ რიგში ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ეკისრება ვალდებულება, მისი ეგიდით, მისი დაფინანსების ქვეშ მოქმედი პანსიონატები უფრო გამჭვირვალედ და ნდობის ქვეშ არსებობდეს. მაგრამ, კიდევ უფრო ძირეული პასუხისმგებლობა აქ იკვეთება სახელმწიფოსი, რომელსაც ამ მასშტაბის ინსტიტუციები აქვს და ჩვენ ამდენი კვირაა ვხედავთ საკითხზე განხილვებს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ არის გადადგმული, რომ ბავშვთა უფლებებზე ზედამხედველობა რეალურად განხორციელდეს,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.