19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ყოველი წუთი იქ ჩაკეტილი ბავშვებისთვის არის საფრთხე, გაუპატიურებაზე და ცემაზეა საუბარი - ელენე ხოშტარია

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ სიტუაციას აპროტესტებს, განაცხადა, რომ აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, სანამ არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა. 

ხოშტარია ითხოვს, პროკურორმა გასცეს საზოგადოებას პასუხი, თუ რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და რატომ არ დადგა შედეგი 4 წლის განმავლობაში. 

"წარმოუდგენელია, ამ თემაზე დაპირისპირება არსებობდეს, როდესაც ყოველი წუთი იქ ჩაკეტილი ბავშვებისთვის არის საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ელემენტარული მოთხოვნაა, რომ ჩამოვიდეს პროკურორი და გაგვცეს პასუხი, რა გამოძიება მიდის, 4 წელი რატომ მიდის გამოძიება, უმძიმეს მუხლებზეა საუბარი - გაუპატიურების და ცემის მუხლებზე და ამ კითხვაზეც კი არ უნდათ პასუხი გაგვცენ. რა თქმა უნდა, ჩამწკრივდნენ ფორმიანები, რომლებიც პარტიულ დავალებას ასრულებენ და არ გვიშვებენ, არღვევენ კანონს, რადგან არასასურველია ეს მათთვის პოლიტიკურად.

აქ არ შეგვიშვებენ, მაგრამ პროტესტს ხომ ვერ გააჩერებენ. პროტესტის გარდა სხვა ენა "ქართულ ოცნებას" არ ესმის, ფსკერს მიღმა ვართ, ბავშვების წამებაზეა საუბარი და ეს პოლიციელები ასე მშვიდად დგანან, მათ არ აწუხებთ ეს? ყველა ამ ძალადობის თანამონაწილეა და ეს ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა. პროტესტი იქნება ყოველდღე. არაერთმა აქტივისტმა მოაწყო აქცია კანცელარიასთან, 8-ში კიდევ დაგეგმილია აქცია. ყოველდღე იქნება პროტესტი და საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები