24 საათი მუხლებზე დგომა აგურის ნამსხვრევებზე და აქტიური ბავშვების დამამშვიდებელი ნემსით დაძინება - ბუქნები მეტანიებით, სუპის თავზე დასხმა, დამცირება, ცემა სხვადასხვა საგნით, მათ შორის სკამის ფეხით - ასე ეპყრობიან საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ დახურულ სივრცეში.
რესპოდენტი "კურიერს" კიდევ უფრო მძიმე ფაქტებს უყვება, რომელიც სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ფაქტები გამოძიებას საჭიროების, ამიტომ "რუსთავი2", როგორც პასუხისმგებლობიანი მედია, ამ ეტაპზე მათი გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
"კურიერმა" ჩაწერა 19 წლის ბიჭი, რომელმაც 15 წელი გაატარა ნინოწმინდის ჩაკეტილ პანსიონში. ის ხმამაღლა და საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პანსიონს თავი დააღწია. ამბობს, რომ თუ აღსაზრდელები უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ, მის ნაამბობს ბევრი დაადასტურებს. უფლებადამცველების აუღებელ ციხესიმაგრედ ქცეულ პანსიონში მონიტორინგის მიზნით შესვლის ყოველდღიური მცდელობა უშედეგოა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორს მიტროპოლიტი სპირიდონისგან ირკვევა, ჩაკეტილ დაწესებულებაში 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ. კანონიერი უფლების მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატისთვის პანსიონში არსებული სიტუაციის შესწავლის უფლება შეზღუდულია.
სავარაუდო ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სექსუალური შინაარსის ძალადობის შემთხვევებზე ეჭვს როგორც საზოგადოებაში, ისე უფლებადამცველებში პანსიონის ჩაკეტილობა კიდევ უფრო ამყარებს. ათობით არასრულწლოვანი დღემდე პანსიონის გალავნის მიღმა რჩება.