იმუნიზაციის 4 თვე საქართველოში 162 000-მდე ვაქცინირებულს ითვლის. რეკორდულად ბევრი აცრა, ვაქცინაციის პირველი დღიდან დღემდე, გუშინ ჩატარდა - 3 ივნისს 6300 ადამიანი აიცრა. ყველა მსურველის ვაქცინაცია ჯერჯერობით შეუძლებელია, ქვეყანაში საკმარისი არც პრეპარატია და არც ასაცრელი კაბინეტები.
მასიური ვაქცინაციის პერიოდში და მაშინ, როდესაც მოსახლეობას პრეპარატზე წვდომის საშუალება ექნება, მედიკოსები ერთი დღის განმავლობაში ვაქცინირებულთა რაოდენობის მინიმუმ გაორმაგებას პროგნოზირებენ. ამბობენ, რომ ინფექციის დამარცხებისთვის ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. გაზრდილი ვაქცინაცია კი, მათივე განმარტებით, ასაცრელი კაბინეტების რაოდენობის გაზრდას და პროცესში უფრო მეტი კლინიკის ჩართვას მოითხოვს.
ვაქცინების მალე მიღებას ელოდება ჯანდაცვის სამინისტროც. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციის სხვადასხვა მწარმოებელთან რეალური შეთანხმება შედგა და ქვეყანა მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად საჭირო 3 700 000 დოზას მიიღებს.
ქვეყანა 15 ივნისამდე Astrazeneca-ს დაახლოებით 43 000 დოზას, ივნისის ბოლოს და ივლისის პირველ რიცხვებში კი Sinopharm-ის ნახევარ მილიონ და შემდეგ კვარტალში უკვე Pfizer-ს ელოდება.
პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Jonson & Jonson-თან, Sinovac-თან NOVAVAX-თან.