სოციალურად დაუცველები კომპენსაციის პაკეტს მიიღების შემდეგ შესაძლოა, სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოვარდნენ.
ამის შესახებ გადაცემა არჩევანში სტიქიის დროს დაზარალებულების ანაზღაურებაზე საუბრისას ვიცემერმა, ირაკლი ლექვინაძემ, განაცხადა.
ლექვინაძის თქმით, 250-ლარიან კომპენსაციის გადახდა თითო კაცზე სამართლიანია, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ საკითხი კიდევ გადაიხედოს.
რაც შეეხება 5 ათას ლარიან კომპენსაციას, ლექვინაძის განცხადებით, მერიას დათვლილი აქვს ხარჯები და ეს თანხაც ადეკვატურად განსაზღვრეს.
„ასევე უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ვინც იყო სოციალურად დაუცველი და მოხვდება ამ დახმარების ნაწილში, ის შეიძლება ამოღებულ იქნას სოციალურად დაუცველთა სიიდან იმიტომ, რომ ის იძენს ძალიან ბევრ იმას, რაც ამ ბაზიდან ამოღების მიზეზი გახდება. ამიტომ ამის მზაობაც უნდა ჰქონდეს. ასეთი არჩევანის წინაშე შეიძლება დადგნენ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ვიცემერის განცხადებით, ჯერ მერიამ დაზარალებულების საცხოვრისით უზრუნველყოფაზე მუშაობს, რომლის შემდეგ აქტუალური სხვა თემები გახდება, მათ შორის დაუზღვეველი ავტომობილების თემაც. თუმცა, თავად ირაკლი ლექვინაძე დაუზღვეველი ავტომობილების ანაზღაურებას მხარს არ უჭერს.