ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ამ დროისთვის კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.