ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანა დაიწყო. ჯერჯერობით ნათესავებმა 6 მოზარდს მიაკითხეს, ათეულობით კი ისევ დაწესებულებაში რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტომ კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.
ბოლო ინფორმაციით, ამ წუთებში ორი არასრულწლოვანი პოლიციაში იმყოფება და გამოძიების კითხვებს პასუხობს. პროცესს სოციალური მუშაკი ესწრება. განყოფილებაში იმყოფება ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანიც.
რა ინფორმაციას აწვდიან ბავშვები გამოძიებას, ამ დროისთვის, უცნობია; თუმცა, "კურიერმა" გაარკვია, რომ ბავშვები დასჯის სხვადასხვა ფორმაზე ყვებიან, მაგრამ მძიმე ძალადობრივ დანაშაულზე ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ.
"კურიერი" ერთ-ერთ მშობელს გაესაუბრა, რომელიც პანსიონში ბავშვის წასაყვანად მივიდა. მშობელი ამბობს, რომ მას პანსიონთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ აქვს და იქ არსებული ძალადობის შესახებ არაფერი სმენია.
ბავშვები, რომლებიც "კურიერთან" კონტაქტზე გამოდიან, ყოველგვარ ძალადობას უარყოფენ.
სულ რამდენი ბენეფიციარია დაწესებულებაში, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ საიდუმლოდ რჩება. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, რომ დაწესებულებაში, შესაძლოა, ახლა 40-მდე ბავშვი იყოს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში მეუფე სპირიდონი 150-მდე აღსაზრდელს ახსენებდა.