19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე - მიტროპოლიტი გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე

"იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე," - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი  სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. იგი მიესალმება იმ ღონისძიებების გატარებას, რაც პრობლემას აღმოფხვრის. 

"ამას დიდი პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, ეს სახელმწიფოსგან იქნება თუ ეკლესიისგან. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა - ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

მე მივესალმები, თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას, თუ დანაშაულია, აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას; იმ ღონისძიებების გატარებას ეკლესიიდან თუა საჭირო, ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან, იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას,"- განაცხადა მიტროპოლიტმა. 

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის კარი რომ გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა. 

"დღეს უკვე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი, შემოწმება ტარდება. ერთი წუთით იქ რომ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ, იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა, რადგან ქართული გამოთქმა არის: ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო. შესაბამისად, ის, რომ ეს კარები იყო დახშული, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა მთელი საზოგადოება,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა. 

მიტროპოლიტ გრიგოლს ძნელად წარმოუდგენია, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხზე სინოდის მოწვევა, რადგან მისი თქმით, პატრიარქი თავს სუსტად გრძნობს. 

"ეკლესიაში არის ხოლმე საკითხები, რომელიც ითხოვს განსჯას, მსჯელობას, მაგრამ იცით, რომ ამ წუთას ცოტა არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეს რეალობაა, ამაში არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის, რომ ჩვენი უწმინდესი, კათოლიკოს-პატრიარქი სუსტად გრძნობს თავს და თავისთავად ცხადია, სინოდის მოწვევა და საფუძვლიანი დოზით და იმ მასშტაბების საკითხების შესწავლა-განხილვა მე ძნელად წარმომიდგენია, სამწუხაროდ",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები