ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
იგი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, ცხადია, ძალიან გულსატკენია და გულდასაწყვეტი, რომ აქამდე მივიდა ეს ყველაფერი. ეკლესია დასაბამიდან განიცდიდა დევნას, არაფერი ამაში ახალი არ არის, მაგრამ მძიმე მდგომარეობა მაშინ არის, როცა ეკლესიას გარე მტრები კი არა, ჩვენ თვითონ ვაყენებთ ხოლმე ზიანს. ეს არის დასაფიქრებელი.
დღეს სახარება წავიკითხე და ეს, გარკვეულწილად, ეხმიანება იმ მოვლენას, ჩვენ არ ვართ საიდუმლო ორგანიზაცია. არის აქ საიდუმლო ლოცვები იკითხებაო, საიდუმლო ლოცვა იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაც საშინელ საიდუმლოს ვკითხულობთ, ეს არის ის განსაკუთრებული საიდუმლო ლოცვები, რომლის დროსაც მადლი ღვთისა მოიწვევა საიდუმლოდ, ანუ ჩვენი თვალისთვის უხილავად, ხორცისთვის უგრძნობლად. აი, საიდუმლოება ამაში მდგომარეობს. მით უმეტეს, ეკლესია არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, არავისთვის არ ვართ და არც უნდა ვიყოთ ჩვენ ჩაკეტილი.
ჩემიც, თქვენიც, ეკლესიის, ერის, სახელმწიფოსი, სასულიეროთა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება საბჭოთა მემკვიდრეობიდან გათავისუფლებისთვის. მარტივი არ არის იმ ცნობიერების წნეხიდან გამოსვლა, რაც ადამიანის გონებას და აზროვნებას აწევს. ყველგან მტერს ვხედავთ, მტერს ვეძებთ და ირგვლივ თუ ვერ დავინახეთ მტრები, მერე უკვე ჩვენში უნდა ვეძებოთ ერთმანეთში მტრები, ნაცვლად იმისა, ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, და თუ რამე არ არის კარგი და მოსაწონი, დავიწყოთ გამოსწორება.
ერთმანეთს არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. ის, რომ ბავშვები ჩვენთვის ძვირფასი მოვლენანი არიან, ამაზე ალბათ ზედმეტია საუბარი. უფალი გვეუბნება: იყავითო როგორც ეს ყრმები არიანო, რადგან ისინი სუფთანი არიან და მეორეც, ადამიანის ცხოვრებას და ნებისმიერი თქვენგანისას, როცა შვილი შეეძინება, სულ სხვა შინაარსს იძენს ეს, სულ სხვა განზომილებაში გადადის და თუნდაც ბავშვები ძალიან უყვარდეს, საკუთარი შვილი რომ უჩნდება, ეს უკვე სულ სხვანაირი ადამიანი არის, სხვანაირად ხვდება მის ფასს.
თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს აქვთ აღზრდის სხვადასხვა მეთოდები. ვიღაცა ისე გაზრდის, თავის ცხოვრებაში ყური არ აუწევია ბავშვისთვის, მაგრამ ვიღაცას, ეტყობა, პირადი გამოცდილებით მიაჩნია, რომ უნდა დასაჯოს კიდევაც ფიზიკურად. მაგრამ, ხშირად ეს სასჯელიც არ იძლევა შედეგს. ის, რომ ბავშვებს უნდა ვაჭამოთ, ვასვათ და ჩავაცვათ, ეს ელემენტარული რამ არის, მთავარი მაინც ბავშვებთან მიმართებაში არის მათი აღზრდა, ადამიანებად აღზრდა და ჩამოყალიბება. თუ რაიმე აგრესია მის მიმართ თუნდაც მცირედით გამოიხატა, ის ორმაგად და სამმაგად უბრუნდება მერე საზოგადოებას.
რაც შეეხება მოვლენას, მე გაკვირვებული ვარ, ძალიან ძნელი ხდება ტყუილ-მართლის ერთმანეთისგან გარჩევა, ისეთი ქაოსი შეიქმნა. კი ყურადღება უნდა იყოს, ხმაური უნდა ატყდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნაადრევი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ. კარგია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა მეტი სიფხიზლე გამოიჩინეს და რომ გამოიჩინონ, იმისთვისაც არიან. გასაგებია, რომ ეკლესიის მიმართ გაზრდილი პრეტენზიები, გაზრდილი მოთხოვნებია და ალბათ სამართლიანადაც, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ადამიანებს ამას ვასწავლით და რასაც ვასწავლით, ამის მაგალითი უნდა მივცეთ. შეუცდომლები არ ვართ, სამწუხაროდ.
თუ რამ შეგვეშლება, შენდობას ვითხოვთ, მაგრამ არის ფაქიზი საზღვარი შეცდომასა და დანაშაულს შორის. ყველანი ერთნი ვართ კანონის წინაშე. მე იმედი მაქვს, გაირკვევა აქ და ჩვენი აჩქარებით, ჩვენი ემოციურობით, ჩვენი მიკერძოებულობით ისეთი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, რომ სასიკვდილოდ გავიმეტოთ, ფაქტობრივად, მორალურად არ მოვკლათ ადამიანი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს, გაირკვევა ეს საკითხები, უშუალოდ იმ სასწავლებლის თემაც.
ის, რომ რატომ არსებობს ასეთი დაწესებულებები, ასეთი დაწესებულება არსებობს ბათუმშიც, ვის რა პრეტენზია აქვს, ბევრი მშობელი ვერ გაუკეთებს იმას, რა მოვლა-პატრონობა და აღზრდა იქ არის. მე არ მინდა დავიჯერო, ვინმეს უხარია, ან გაუხარდა თუ იქ რაიმე დარღვევა, ან დანაშაულებრივი გულგრილობა, ან რაღაც გადაცდომა არის. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ის, რაც დარღვევა შეიძლება იყოს, რამაც შეიძლება სხვა ადამიანს, მით უმეტეს, პატარას, მის ფსიქიკას ზიანი მიაყენოს. ეს ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად არასასურველია. ჩვენ ახლა მძიმე პერიოდს გავდივართ, თვითონ მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება და ამ მძიმე პერიოდში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ უდანაკარგოდ გავიაროთ,"- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.