"ბავშვებს რძის პროდუქტი და ხილი ენატრებათ. ერთ გოგოს ტანსაცმელი არ ჰქონდა და მუნი დაემართა," - სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების პრობლემებზე რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ორგანიზაცია მედიატორის წარმომადგენელმა, თეონა ჭალიძემ, ისაუბრა.
მისი თქმით, დაზარალებული მოსახლეობის დახმარება არათანაბარ პირობებში ხორციელდება.
თეონა ჭალიძის განცხადებით, გოგონა, რომელსაც მუნი მხოლოდ იმის გამო დაემართა, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ ჰქონდა და რაც ეცვა, ვერ გარეცხა, იაშვილის სახელობის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ჭალიძის განცხადებით, პრობლემები საკვების და მედიკამენტების დარიგების კუთხითაც არსებობს.
"ბავშვებმა სპაიდერმენი და ბარბის თოჯინები არ დამაბარეს. ისინი ითხოვენ რძის პროდუქტებს და ხილს. ერთი კვირაა, თვალით არ უნახავთ. სად წავიდა ის საკვები, რომელიც გამგეობებში დასაწყობდა. კომპაქტურად ჩასახლებულ ოჯახებს მეტი ყურადღება ექცევათ.
მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მათ ვინც ცოტანი არიან ამა თუ იმ საცხოვრებელში.
გარკვეულ ოჯახებს საჭმელების გაკეთება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ არც პროდუქტი აქვთ და არც ტექნიკა, საჭმელსაც კი ვერ აცხელებენ. იაშვილში იმყოფება გოგო, რომელიც ტანსაცმელი ვერ გარეცხა და მუნით დაავადდა. მედიკამენტებს ვერ იღებენ. ერთ-ერთ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გასიებული, ტკივილებს უჩივოდა, ჩვენ გვითხრა, რომ დახმარების თხოვნით მერიას მიმართა და ერთი თვის განმავლობაში მიიღებდა პასუხს. მე პირადად დავინტერესდი ამ ამბით და ვუამბე თბილისის მერს, რომელმაც პრობლემის მოგვარება დაიწყო," - აცხადებს ორგანიზაცია მედიატორის წარმომადგენელი, თეონა ჭალიძე.