სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები განთავსებული არიან ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში.
"სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატში აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.
ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან გადაყვანილი, როგორიც არის ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.
სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.